როგორ მოვამზადოთ ავტომობილი ზამთრის სეზონისთვის?

ზამთრის მოახლოებასთან ერთად, სულ უფრო მეტად აქტუალური ხდება ავტომობილის ზამთრის სეზონისთვის მომზადება, რომ ზამთარმა უსიამოვნო თავგადასავლების გარეშე ჩაიაროს.

ყველასათვის ცნობილია რომ, ავტომობილის ექსპლუატაციისთვის ყველაზე რთული პერიოდი ზამთარია. წელიწადის სწორედ ამ დროს ვლინდება ავტომობილის ყველაზე სუსტი წერტილები, რასაც გაუთვალისწინებელ ხარჯებამდე მივყავართ. ამიტომ, ავტომობილის ზამთრის სეზონისთვის მომზადება მისი სწორი ექსპლუატაციის განუყოფელი და აუცილებელი ნაწილია. მომზადება კი, სასურველია ზამთრის დადგომამდე მოხდეს.

აკუმულატორი მნიშვნელოვან როლს თამაშობს ავტომობილის ზამთრის პერიოდში ექსპლუატაციისას, მას შეუძლია ან გაახაროს მფლობელი ან მრავალი პრობლემა შეუქმნას.

არასრულად დამუხტულმა აკუმულატორმა ზაფხულში, შესაძლებელია, გაჭირვებით მოახერხოს ძრავის ამუშავება, მაგრამ ზამთარში, ამ მიზეზის გამო, შეიძლება საზოგადოებრივი ტრანსპორტით მოგიწიოთ მგზავრობა. ამიტომ, ზამთრის სეზონზე გადასვლისას ძალიან მნიშვნელოვანია აკუმულატორის შემოწმება და საჭიროების შემთხვევაში, ახლის შეძენა.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ თანამედროვე აკუმულატორების უმრავლესობა არ ექვემდებარება შეკეთებას. ამიტომ, თუ შემოწმებისას იგი არ აკმაყოფილებს არსებულ საერთაშორისო სტანდარტს, ეს მისი შეცვლის აუცილებლობის უტყუარი მაჩვენებელია.

დღეს საქართველოში აკუმულატორების ძალიან დიდი არჩევანია, სხვადასხვა მწარმოებლების, მრავალი სპეციფიკაციით და ფასით. ხშირად ავტომოყვარულები აკუმულატორის შეძენისას ცდილობენ, აირჩიონ უფრო მეტი სიმძლავრის აკუმულატორი ვიდრე ავტომობილის მწარმოებლის მიერ არის გათვალისწინებული. ასეთი საქციელი არაა გამართლებული, რადგან აკუმულატორი უნდა შევარჩიოთ ცნობილი მწარმოებლების პროდუქტ კატალოგის მიხედვით, რომელშიც მკაცრად არის მითითებული გამოშვების წლის, ძრავის მოცულობისა და ტიპის მიხედვით თუ რომელ ავტომობილს რა აკუმულატორი შეესაბამება.

გარდა აკუმულატორის მომზადებისა, ზამთრისთვის აუცილებელია, შემოწმდეს ავტომობილის ძრავისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი – ძრავის ზეთი.

საქმე ისაა, რომ დაბალ ტემპერატურებზე ზეთების სიბლანტე იზრდება (სქელდება), რის შედეგადაც ძრავის გაშვებისას შეზეთვის სისტემაში შესქელებული ზეთის გადინება გაძნელებულია და უფრო მეტი დროა საჭირო ძრავის სრულ შეზეთვისთვის, რაც იწვევს მოძრავი დეტალების მომატებულ ცვეთას.

აგრეთვე, შესქელებული ზეთის პირობებში, მუხლა ლილვის დატრიალებას შედარებით მეტი ენერგია სჭირდება ვიდრე ზაფხულში, რაც იწვევს აკუმულატორის ზედმეტ დატვირთვას და მალე დაცლას. ამიტომ, ზამთრის დადგომამდე, სასურველია და აუცილებელიც, შემოწმდეს ძრავში ზეთის მდგომარეობა. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია ის ფაქტიც რომ, ავტომწარმოებლების უმრავლესობა გვირჩევს ზამთრის დადგმომამდე ზეთის შეცვლას.

სამუხრუჭე ხუნდები ზამთრის სეზონზე გადსვლისას, მიუხედავად იმისა თუ რა დონეზეა გაცვეთილი, სასურველია შეიცვალოს, რადგან დამუხრუჭებისას ავტომობილის თვლებს შორის მუხრუჭის მომენტის სხვაობა თოვლზე და მოყინულ ზედაპირზე მოცურების ყველაზე ხშირი მიზეზია, რაც მშრალ საფარზე თითქმის შეუმჩნეველია.

ხუნდების შეცვლის დროს აუცილებელია, ყურადღება მივაქციოთ სამუხრუჭე დისკოებს და ცილინდრებს. თუ ცილინდრებზე სამუხრუჭე სითხის კვალია, ეს იმის მანიშნებელია, რომ მანჟეტები გაცვეთილია და ზამთარში, შესაძლოა, სამუხრუჭე სითხე დაიღვაროს.

სამუხრუჭე სითხე ჰიგროსკოპულია, რაც ნიშნავს რომ, დროთა განმავლობაში სამუხრუჭე სითხე ტენს იღებს, დატენიანებული სითხე კი უფრო მალე დუღდება და ხდება კუმშვადი, რაც სრულიად დაუშვებელია.

არ დაგავიწყდეთ, რომ სამუხრუჭე სითხე მთლიანად უნდა შეიცვალოს ყოველ 2 წელიწადში ერთხელ.

გათბობა-გაგრილების სისტემის მომზადება ავტომობილის ზამთრის სეზონისთვის მომზადების აუცილებელი შემადგენელი ნაწილია.

აუცილებელია, შემოწმდეს ანტიფრიზის ვარგისიანობა, მისი დონე და გაყინვის ტემპერატურა, ასევე უნდა შემოწმდეს სისტემის ჰერმეტულობა.

თუ თქვენ ზაფხულის პერიოდში რაიმე მიზეზის გამო გიწევდათ სისტემაში წყლის ან სხვადასხვა მწარმოებლის ანტიფრიზის ჩამატება, ასეთ შემთხვევაში, სასურველია, ზამთრის სეზონზე სისტემის გამართული მუშაობისთვის ის მთლიანად დაიცალოს, გამოირეცხოს და შეივსოს ახალი ანტიფრიზით.

თუ თქვენს ავტომობილს ზემოთ ჩამოთვლილი ყველა კომპონენტი მწყობრში აქვს, ეს ყველაფერი აზრს კარგავს, თუ თქვენ მას სათანადო საბურავით არ აღჭურვავთ.

ზაფხულის საბურავით ყინულზე სიარული ძალზედ სახიფათოა. თუ თქვენ ზამთარის სეზონზე გეგმავთ ნაცვეთი საბურავის გამოყენებას, მაშინ აუცილებელია გაიზომოს ზამთრის საბურავის პროტექტორის სიღრმე.