მოქმედებს თუ არა ძრავის რესურსზე მისი ბ/აირზე მუშაობა?

ბ/აირის მეოთხე თაობის აპარატურა ავტომობილის ძრავის რესურსზე არ მოქმედებს განსხვავებით ბ/აირის  წინა თაობის აპარატურებისაგან, რომლებიც გაცილებით საზიანოა ძრავისთვის.

როდის გადადის ავტომობილი ბენზინიდან ბ/აირზე და პირიქით?

ძრავის გათბობა ხდება ბენზინის საწვავის მეშვეობით. ავტომობილი ბ/აირზე ძრავში სამუშაო ტემპერატურის მიღწევის შემდეგ გადადის, როდესაც ბ/აირზე მუშაობა მისთვის საზიანო აღარ არის.   ბ/აირიდან  ბენზინზე ავტომატური გადასვლა ხდება მაშინ, როდესაც ბ/აირი ამოგეწურებათ. ყველაფერი თქვენთვის შეუმჩნევლად,  ავტომატურად მოხდება და ავტომობილი ბენზინის საწვავით განაგრძობს სვლას. თქვენ მხოლოდ სიგნალის ხმას გაიგონებთ, რომელიც გაუწყებთ, რომ ბუნებრივი აირი ამოგეწურათ.

საჭიროა თუ არა ავტომობილის ავზში ბენზინის ქონა, თუ იგი ბ/აირზე მუშაობს?

ავტომობილის  საწვავის ავზში აუცილებელია მინიმუმ ¼ ბენზინის ქონა, რადგან ბუნებრივი აირის გამართულად მუშაობისათვის საჭიროა ავტომობილის ბენზინზე გათბობა. გარდა ამისა, საწვავი ყოველთვის მოძრაობს სისტემაში და ბუნებრივი აირის ამოწურვის  შემთხვევაში იგი ავტომატურად გადაირთვება  ბენზინზე. საწვავის ტუმბო ძრავს მაღალი წნევით აწვდის საწვავს. საწვავის უქონლობის შემთხვევაში კი  ტუმბოს არაფერი აგრილებს და იწვევს ძრავის გადახურებას და აალებას.

აუცილებელია თუ არა ბუნებრივი აირის სისტემის პროფილაქტიკური შემოწმება?

დიახ, პროფილაქტიკური მიზნით ბ/აირის სისტემის შემოწმება აუცილებელია ყოველ ექვს თვეში ერთხელ. საქართველოს კანონმდებლობით ტექნიკური პასპორტის განახლება აუცილებელია სამ წელიწადში ერთხელ.

ავტომობილის რომელი ნაწილის შეცვლაა საჭირო მისი ბ/აირზე გადაყვანისას?

ავტომობილის ბ/აირზე გადაყვანისას აუცილებელია აალების სანთლების შეცვლა. საჭიროა შეირჩეს ხარისხიანი აალების სანთლები და ბ/აირზე გადაყვანამდე მოხდეს მათი შეცვლა.

შეიძლება თუ არა გაუმართავ ავტომობილზე ბ/აირის სისტემის მონტაჟი?

კატეგორიულად დაუშვებელია გაუმართავ ავტომობილზე ბ/აირის სისტემის დაყენება, ასეთი მანქანის  გამართვა პრაქტიკულად წარმოუდგენელია.

შესაძლებელია თუ არა ნებისმიერი ტიპის ავტომობილის გადაყვანა ბ/აირზე?

გარკვეული ტიპის ძრავებისთვის, ძირითადად კი პირდაპირი შეფრქვევის სისტემის მქონე ძრავებისთვის ბუნებრივი აირის აპარატურა არ შექმნილა, ამიტომ აუცილებელია გაითვალისწინოთ, რომ ასეთ ავტომობილის ბ/აირის სისტემაზე გადაყვანა აუცილებლად გამოიწვევს მისი საწვავის მიწოდების სისტემის მოშლას გარკვეული დროის შემდეგ. პირდაპირი შეფრქვევის ტიპის ძრავებია:

  • GDI
  • FSI
  • TFSI
  • D-4 და ა.შ

შესაძლებელია თუ არა დიზელზე მომუშავე ავტომობილის გადაყვანა ბ/აირზე?

დიზელის საწვავზე მომუშავე ავტომობილების ბ/აირზე გადაყვანა შესაძლებელია, თუმცა შესაბამისი აპარატურის შექმნა და დახვეწა ჯერ კიდევ აქტიურ პროცესშია. ძირითადი მიზეზი, რომელიც აფერხებს ამ მიმართულების  განვითარებას, არის ის, რომ ბენზინის საწვავისგან გასხვავებით ბ/აირის და დიზელის საწვავის მუშაობისას  ეკონომია მხოლოდ 20 –30% – ის ფარგლებში მიიღწევა. დიზელის საწვავზე მომუშავე  ძრავის მოთხოვნებიდან გამომდინარე აუცილებელია, რომ ორივე საწვავი პარალელურად იწვებოდეს, 70% დიზელი – 30% გაზი, წინააღმდეგ შემთხვევაში ძრავი გამართულად ვერ იმუშავებს.

რა სიმძლავრეს კარგავს ავტომობილი ბ/აირზე გადასვლისას?

ბ/აირზე ავტომობილის გადაყვანისას იკარგება ძრავის სიმძლავრის საშუალოდ 10–15%-ი.

ახდენს თუ არა ზეგავლენას ბ/აირის ხარისხი ავტომობილის ექსპლუატაციაზე?

ბ/აირის ხარისხი ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ბენზინის ტიპის საწვავის. მეოთხე თაობის აპარატურის ფლობის შემთხვევაში უნდა მოერიდოთ ძველ გაზ-გასამართ სადგურებს, რადგან დიდია აპარატურის დააბინძურების რისკი. ძირითად პრობლემას წარმოადგენს ბუნებრივ აირს გამოყოლილი ზეთი, რომელიც აღწევს ავტომობილის ბ/აირის სისტემაში, აბინძურებს და ხელს  უშლის მას მუშაობაში.

დაბინძურების ძირითადი მიზეზი კომპრესორის გაუმართაობაა.

რატომ იმატებს ბ/აირის მოხმარება ზამთარში?

ბ/აირის მოხმარების მატება ზამთრის პერიოდში ჩვეულებრივი მოვლენაა და საწვავის ტიპზე არ არის დამოკიდებული. სიცივეში ავტომობილის წვა ყოველთვის მატულობს, ბენზინის, დიზელის თუ ბ/აირის შემთხვევაში,  რადგან ძრავი მალე ცივდება და გასათბობად მეტი დრო სჭირდება.

სად არის უმჯობესი შემავსებელი სარქველის დაყენება?

როგორც წესი შემავსებელი სარქველის დამონტაჟება ხდება ავტომობილის ძარაში. საბარგულში მისი დამონტაჟება არ არის რეკომენდირებული, რადგან დატენვის შემდეგ გამოდინდება მცირე ბუნებრივი აირი და მისმა დაგუბებამ შეიძლება  უსაფრთხოების ნორმების დარღვევა გამოიწვიოს. შემავსებელი სარქველის დაყენება აგრეთვე შესაძლებელია  საწვავის შესავსები ავზის სახურავთან.

რას უნდა შეიცავდეს ბ/აირის აპარატურის კომპლექტი ბენზინიდან ბ/აირზე გადაყვანის დროს?

ბ/აირზე გადასაყვანი კომპლექტი უნდა შეიცავდეს შემდეგ დეტალებს:

1) რედუქტორი

2) მართვის ელექტრო ბლოკი

3) მფრქვევანები (ე.წ „ინჟექტორები“)

4) ბუნებრივი აირის ფილტრი

5) ბ/აირზე გადამრთველი და ავზში აირის რაოდენობის მაჩვენებელი ღილაკი

7) მაღალი ძაბვის მქონე ელექტრო გაყვანილობა

8) ხამუთები, სახრახნისები და ყველა ის სხვა დეტალი, რაც მონტაჟისთვისაა აუცილებელი

9) ბ/აირის მაღალი წნევის გაყვანილობის მილი

შესაძლებელია თუ არა ბ/აირზე მომუშავე ავტომობილების ექსტრემალურ პირობებში ექსპლუატაცია? (რბოლა, Off-road)

ბ/აირზე მომუშავე ავტომობილი არაფრით  განსხვავდება ბენზინის ტიპის საწვავზე მომუშავე ავტომობილისგან და მისი ექსპლუატაცია ექსტრემალურ პირობებში დასაშვებია.

სჭირდება თუ არა ბ/აირზე მომუშავე ავტომობილს დამატებითი დაცვა?

ბ/აირზე მომუშავე  ავტომობილს სჭირდება სტანდარტული მომსახურება. გამონაკლისია მხოლოდ ის, რომ აპარატურა და მაღალი წნევის გადაბმის ადგილები უნდა შემოწმდეს წელიწადში ორჯერ.