რა სხვაობაა ბ/აირის აპარატურის თაობებს შორის?

რა სხვაობაა ბ/აირის აპარატურის თაობებს შორის?

ბ/აირის აპარატურის თაობებს შორის ძირითადი სხვაობა მეოთხე თაობასა და სხვა დანარჩენებს შორის იკვეთება.

–         პირველი თაობა არის მექანიკურად რეგულირებადი აპარატურა, რომლითაც ყოველგვარი ელექტრო კონტროლის გარეშე რეგულირდება ბ/აირის მიწოდება. ნაზავის სიზუსტე ძალიან დაბალია, რაც შედეგად გვაძლევს ავტომობილის სიმძლავრის კლებას და ბ/აირის ჭარბ მოხმარებას.

–         მეორე თაობა არის პირველი თაობის გაუმჯობესებული ვარიანტი ჟანგბადის სენსორით და მისი ნაზავის გამონაბოლქვის მიხედვით რეგულირებით, თუმცა, დიდი გაუმჯობესება არც აქ იგრძნობა, სხვაობის დანახვა პრაქტიკულად შეუძლებელია.

–         მესამე თაობა არის პირველი და მეორე თაობის ნაზავი, რომელსაც  დამატებული აქვს ინჟექტორები, ე.წ  „ფარსუნკები“, რომლებიც  ცალკეულ ცილინდრებს ერგება, როგორც მეოთხე თაობის აპარატურის შემთხვევაში. განსხვავება მხოლოდ იმაშია, რომ მესამე თაობის აპარატურას არ გააჩნია მართვის ელექტრო ბლოკი და რეგულირება კვლავ მექანიკურად ხდება, ყველანაირი გამოთვლებისა და ელექტრო მოწყობილობების დახმარების გარეშე.

–         მეოთხე თაობა არის ბ/აირის აპარატურის ისეთი კომპლექტაცია, რომელიც მთლიანად ელექტრონულად იმართება მართვის ბლოკის მეშვეობით (ECU) (ფოტო). ძირითადი განსხვავება მეოთხე თაობისა და სხვა აპარატურებს შორის სწორედ მართვის ბლოკი გახლავთ. იგი ავტომობილის  საწვავის კომპიუტერთან სინქრონიზაციის მეშვეობით აკოპირებს საწვავის მიწოდების მონაცემებს და უმაღლესი სიზუსტით უზრუნველყოფს  ბ/აირის შეფრქვევას ავტომობილის ძრავში, რაც უზრუნველყოფს სიმძლავრის კლების მაქსიმალურად შემცირებას (10–15%), ძრავისა და  ავტომატური გადაცემათა კოლოფის გამართულად მუშაობას და ბ/აირის ხარჯის შემცირებას სხვა წინამორბედი თაობებისგან განსხვავებით.

 

მეოთხე თაობის აპარატურები დაყოფილია ავტომობილის ძრავის სიმძლავრის და ცილინდრების მიხედვით, რაც კიდევ უფრო მეტ უპირატესობას ანიჭებს მას  და უკეთ ერგება კონკრეტული ავტომობილის ძრავს. მეოთხე თაობის აპარატურებს აქვთ სხვა დამატებითი ფუნქციები, კერძოდ:

  • ბენზინისა და ბ/აირის ერთდროული შეფრქვევა
  • ბ/აირზე ავტომატურად გადართვა, შესაბამისი ტემპერატურის მიღწევის შედეგად
  • გამთბარი ძრავის ბ/აირზე გადართვა და სხვა მრავალი სასარგებლო ფუნქცია, რომელიც უზრუნველყოფს თქვენი ავტომობილის სრულიად უსაფრთხო და უპრობლემო ექსპლოატაციას წინამდებარე თაობებისგან განსხვავებით.

რა სხვაობაა CNG (Compressed natural gas) და LPG (Liquid Petroleum Gas) შორის?

ძირითადი სხვაობა გათხევადებულ აირსა (LPG) და დაწნეხილ ბუნებრივ აირს (CNG) შორის არის ის, რომ გათხევადებული აირი დაწნეხილი ბუნებრივი აირისაგან განსხვავებით თხევად ფორმაში გვხვდება და მისი სამუშაო წნევა დაახლოებით 20–30 ატმოსფეროა, ხოლო დაწნეხილი ბუნებრივი აირის სამუშაო წნევა 200 ატმოსფეროს შეადგენს. გარდა ამისა, გათხევადებული აირის სისტემას არ სჭირდება მძიმე, კომპოზიტური მეტალის ბალონი, რომელიც აუცილებელია ბუნებრივ აირზე მომუშავე ავტომობილებისთვის. მისთვის საკმარისია პლასტმასას პატარა ავზი, რომელიც 20–30 ატმოსფეროზე სამუშაოდ არის გათვლილი. ჩვენს რეალობაში გათხევადებული აირი პრაქტიკულად არ გამოიყენება, რადგან მისი ფასი 1.75 ლარს შეადგენს და გამორიცხავს იმხელა ეკონომიას, რაც ბუნებრივ აირზე მუშაობის შემთხვევაში მიიღწევა.

არსებობს თუ არა ბ/აირის მე - 5 თაობის აპარატურა?

ბ/აირის მე – 5 თაობის აპარატურა არ არსებობს. სინამდვილეში, მე – 5 თაობის აპარატურა არსებობს მხოლოდ გათხევადებული აირის სისტემებში, ხოლო ბუნებრივი აირის მე – 5 თაობას უწოდებენ სტანდარტული მეოთხე თაობის აპარატურისთვის დამატებულ გარკვეულ ფუნქციებს, რომელიც ყველა სტანდარტულ მეოთხე თაობას გააჩნია, კერძოდ:

  • ბენზინისა და ბუნებრივი აირის ერთობლივი წვა
  • გარე ტემპერატურის სენსორი
  • თბილი ძრავის ბუნებრივ აირზე დაქოქვა და ა.შ

ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ფუნქცია არის სტანდარტული ნებისმიერი მეოთხე თაობის აპარატურისთვის.

ბ/აირის რა ტიპის აპარატურაა წარმოდგენილი საქართველოს ბაზარზე?

საქართველოში დღესდღეობით მრავალი დასახელების აპარატურაა წარმოდგენილი. ბაზარზე პოზიციები შემდეგნაირად ნაწილდება:

ყველაზე ხარისხიანი და შესაბამისად, ძვირადღირებული Landi Renzo-ს იტალიური ბრენდის აპარატურაა. შემდეგ მოდის საშუალო დონის OMVL, Tartarini, Lovato, Zenit (იგივე AG Centrum), Stag, რასაც მოსდევს  ნაკლებად ხარისხიანი და დაბალფასიანი ჩინური ან იტალიური აპარატურები  –  Exongas, Gasitaly, Italgas.

როგორ შევარჩიოთ ბ/აირის აპარატურა სწორად?

აპარატურის სწორად შერჩევისთვის აუცილებელია გაითვალისწინოთ:

  • ავტომობილის ძრავის ცილინდრების რაოდენობა
  • ძრავის სიმძლავრე
  • ძრავის ტიპი

გარკვეული ტიპის ძრავებზე, ძირითადად კი პირდაპირი შეფრქვევის სისტემის მქონე ძრავებისათვის, ბ/აირის აპარატურა არ შექმნილა, ამიტომ აუცილებელია გაითვალისწინოთ, რომ ასეთი ავტომობილის ბ/აირზე გადაყვანა აუცილებლად გამოიწვევს მისი საწვავის მიწოდების სისტემის მოშლას, რაც დროთა განმავლობაში აუცილებლად მოხდება.

პირდაპირი შეფრქვევის ტიპის ძრავებია GDI, FSI, TFSI, D-4 და ა.შ

რამდენად ეკონომიურია შემდგომი თაობის აპარატურა წინა თაობასთან შედარებით?

დადასტურებული ფაქტია, რომ მეოთხე თაობის აპარატურა საგრძნობლად ეკონომიურია მის წინამორბედ აპარატურებთან შედარებით, თუმცა კონკრეტული ციფრებით რაიმეს თქმა შეუძლებელია, რადგან ყველაფერი დამოკიდებულია მემონტაჟის კვალიფიკაციაზე, თუ როგორ დაამონტაჟებს იგი ბ/აირის ამა თუ იმ თაობის აპარატურას.

უსაფრთხოა თუ არა ბ/აირის აპარატურა ძრავისთვის? აზიანებს თუ არა ძრავს?

ბ/აირის მეოთხე თაობის აპარატურის ელექტრო სისტემა შეიქმნა იმ პრობლემების, ხოლო ცუდი მონტაჟის შემთხვევაში იმ სავალალო შედეგების თავიდან ასაცილებლად, რაც ხშირად თან ახლავს  პირველი, მეორე და მესამე თაობის აპარატურებს. გარკვეულ შემთხვევებში მოხდა:

  • ძრავის შემშვები კოლექტორის აფეთქება
  • ჰაერის ფილტრის პლასტმასის კოლოფის დანაწევრება
  • ჰაერმზომის მწყობრიდან გამოსვლა

ამ თაობის აპარატურებზე რეგულირება ხდება მექანიკურად და არ კონტროლდება ნაზავი, რაც გარკვეული ძრავის ბრუნვების შემთხვევაში იწვევს ბ/აირის დიდი რაოდენობის დაგროვებას შემსვლელ კოლექტორში, ხოლო ნაპერწკლის წარმოქმნის შემდეგ ხდება აფეთქება და მთელი ამ რაოდენობის ერთიანად დაწვა, რაც იწვევს ზემოთ ჩამოთვლილ  შედეგებს.  ხშირად მწყობრიდან გამოდის ჰაერმზომი, რადგან ამ თაობის აპარატურების გამართულად მუშაობა შეუძლებელია ჰაერის მიწოდების შეზღუდვის გარეშე, ეს შეზღუდვა კი იწვევს ჰაერმზომის მწყობრიდან გამოსვლას.

განსხვავებით ბ/აირის პირველი, მეორე და მესამე თაობის აპარატურებისაგან ბ/აირის მეოთხე თაობის აპარატურას გააჩნია ელექტრონული სისტემა, რომელიც ავტომობილის ბენზინის კომპიუტერიდან იღებს ყველა იმ საჭირო პარამეტრს, რომელიც აუცილებელია მისი ბუნებრივ აირზე გამართულად მუშაობისთვის, რის გამოც  იგი სრულიად უსაფრთხოა როგორც ძრავისთვის, ასევე მისი აგრეგატებისთვისაც. გამონაკლისია მხოლოდ გარკვეული ტიპის ძრავები, რომლებიც არ შეიძლება ბუნებრივ აირზე იქნას გადაყვანილი სპეციალური დამცავი სითხის – Flashlube–ის გარეშე, რადგან მათი სალდოები და სალდოების უნაგირები დამზადებულია ისეთი მასალისგან, რომელიც ვერ უძლებს მაღალ ტემპერატურას და იწვება, რაც შემდგომში იწვევს ძრავის მწყობრიდან გამოსვლას.

ყველა რეკომენდაციის გათვალისწინებით, ავტომობილის ბ/აირის მეოთხე თაობის აპარატურით აღჭურვისას შეგვიძლია ვთქვათ, რომ იგი სრულიად უსაფრთხოა, უბრალოდ საჭიროა გავითვალისწინოთ ზემოთ მოცემული რეკომენდაციები.

რა ძირითადი ფუნქციები აქვს ბ/აირის მეოთხე თაობის აპარატურას?

ქვემოთ ჩამოთვლილია ის ძირითადი ფუნქციები, რითიც გამოირჩევა ბ/აირის მეოთხე თაობის აპარატურები წინა თაობებისაგან და რომლებიც შესაძლებელს ხდის აპარატურის მაქსიმალურ მორგებას მომხმარებლის მოთხოვნებზე.

  •  ძრავის ბენზინზე გაშვება
  •  სამუშაო ტემპერატურის მიღწევის შემდეგ ბუნებრივ აირზე ავტომატური გადაყვანა
  •  საჭიროების შემთხვევაში ბენზინის დამატება ბუნებრივ აირთან ერთად სიმძლავრის სრული გამოყენებისთვის
  •  ავზში დარჩენილი ბუნებრივი აირის რაოდენობის მაჩვენებელი ღილაკი
  •  ბუნებრივი აირის ამოწურვის შემთხვევაში ავტომატური გადასვლა ბენზინზე
  •  ღილაკზე ხელის მიჭერით მომენტალურად გადასვლა ბენზინზე და ბუნებრივ აირზე
  •  ავარიულ შემთხვევაში ძრავის პირდაპირი გაშვება ბუნებრივ აირზე

ბ/აირის აპარატურის რომელი თაობა უფრო უსაფრთხოა?

ბ/აირის მეოთხე თაობის აპარატურა აბსოლიტურად უსაფრთხოა და უზრუნველყოფს ძრავისა და მისი აგრეგატების გამართულ მუშაობას სხვა დანარჩენი თაობებისგან განსხვავებით.

ბ/აირის აპარატურის რომელი თაობა უფრო ეკონომიურია?

ბ/აირის მეოთხე თაობის აპარატურა მისი ელექტრო მართვის მეშვეობით დაახლოებით 10–15% ით უფრო ეკონომიურია წინა თაობებთან შედარებით.